понедельник, 24 октября 2011 г.

წმინდა ეკატერინე

ვფიქრობ რომ ყველასთვის, ყველასთვის თუ არა ყველა ეკასთვის მაინც იქნება საინტერესო წმინდა ეკატერინეს ცხოვრება:

წმინდა ეკატერინე დაიბადა ალექსანდრიაში, სახელგანთქმულ ოჯახში, გამოირჩეოდა გონიერებით, განსწავლულობითა და სილამაზით. დედა და ახლობლები ურჩევდნენ დაქორწინებულიყო, მაგრამ ეკატერინე პასუხობდა: „თუ გსურთ რომ დავქორწინდე, მომიძებნეთ სასიძო ჩემებრ ლამაზი და განათლებულიო“. უფალმა ისე მოაწყო, რომ ეკატერინემ ერთი განდეგილი ბერი გაიცნო, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გადასცა და უთხრა, ევედრე და დაგეხმარება შენი შესაფერისი საქმროს პოვნაშიო.
  ღამით ეკატერინემ სიზმარში უცნაური ჩვენება იხილა. ანგელოზებით გარშემორტყმულ ზეციურ დედოფალს ხელთ ყრმა ეპყრა, რომელიც მზესავით ბრწყინავდა. ყრმას პირი მიებრუნებინა ეკატერინესგან და მიუხედავად დიდი მცდელობისა, ქალწულმა ვერ შეძლო მისი სახის დანახვა. დედა ღვთისა ევედრებოდა თავის ძეს, ესწავლებინა ეკატერინესთვის, რა უნდა მოემოქმედებინა, რომ მისი სახის ხილვის ღირსი გამხდარიყო, მან კი მიუგო: „წავიდეს განდეგილთან და შეიტყობს მისგან“. 
ეკატერინე მეორე დღესვე გაიქცა ბერთან, მუხლებში ჩაუვარდა და რჩევა ჰკითხა. მაშინ ბერმა უქადაგა მას ქრისტიანობა. ეკატერინემ აშკარად დაინახა ქრისტიანობის უპირატესობა წარმართობასთან შედარებით, ირწმუნა ყოვლადწმიდა სამება და მოინათლა. შინ დაბრუნებული დიდხანს ლოცულობდა უფლის წინაშე. იმ ღამით, ძილში კვლავ იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმით ხელში. ახლა ყრმა მოწყალედ უყურებდა ქალწულს. ღვთისმშობელმა ეკატერინეს მარჯვენა ხელი აიღო, ყრმამ კი თითზე ბეჭედი შეაცვა და უთხრა: „ნუ ეძებ მიწიერ სასიძოს“. ეკატერინე მიხვდა, რომ ამიერიდან იგი ქრისტეს სასძლო იყო და უდიდესი სიხარულით აღივსო. ამ დღიდან ქალწული სრულიად შეიცვალა, გახდა თავმდაბალი, თვინიერი და მოწყალე.
მალე ალექსანდრიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს თანამმართველი მაქსიმიანე ჩამოვიდა და შეკრიბა ხალხი, რათა წარმართული ღვთაებებისათვის თაყვანი ეცათ. მაშინ წმინდა ეკატერინე უშიშრად წარსდგა მეფის წინაშე, დაგმო კერპების თაყვანისცემა და მაქსიმიანეს გაქრისტიანებისაკენ მოუწოდა. განრისხებულმა მაქსიმიანემ წმინდანი საპყრობილეში ჩააგდო და ქურუმები მიუჩინა, რომელთაც წმინდა ეკატერინე „გონს უნდა მოეყვანათ“. მაგრამ ეკატერინეს სიბრძნის წინაშე ქურუმები უძლურნი აღმოჩნდნენ. საპყრობილეში წმინდანი მაქსიმიანეს მეუღლემ - ავგუსტამ - მოინახულა, რომელსაც ეკატერინემ ქრისტიანობა უქადაგა და მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
  ქურუმების შეგონებით რომ ვერაფერს გახდა, მაქსიმიანემ წმინდანის წამება გადაწყვიტა, მოატანინა ბორბალი, რომელსაც ალესილი დანები ჰქონდა დაკრული და ბრძანა ამ საშინელი იარაღით დაესერათ ეკატერინეს სხეული, მაგრამ დაიწყო თუ არა წამება, ბორბალი გატყდა და ეკატერინე უვნებელი დარჩა. წამებისას ეკატერინეს ავგუსტა გამოესარჩლა, რის გამოც განრისხებულმა მაქსიმიანემ სიკვდილით დასაჯა მეუღლე. მეორე დღეს მეფემ ცოლობა შესთავაზა ეკატერინეს და ყოველგვარ სიკეთეს დაჰპირდა, რაზეც უარი მიიღო. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, წმინდანისათვის თავი მოეკვეთათ, რაც აღასრულეს კიდეც. ეს მოხდა 304 წელს. მოგვიანებით, წმინდა ეკატერინეს ნაწილები სინას მთაზე მოხვდა, სადაც დღემდეა დასვენებული მისსავე სახელობის მონასტერში.

пятница, 21 октября 2011 г.

უკვე ყოველდღე გელოდები დეე :*

ჩვენმა მემკვიდრემ თითქმის უკვე დაამთავრა ჩამოყალიბება. ეხლა უკვე 3.400 კილოგრამს იწონის.უკვე ვგრძნობ რომ ძალაც მოემატა და ბავშვის მობაკუნება სერიოზულ დარტყმაში გადავიდა :)))
9 თვე... მთელი 9 თვე ვნატრობდი და ვოცნებობდი როდის დადგებოდა ოქტომბრის ბოლო, რომ ბავშვი დაბადებულიყო. ოქტომბრის ბოლოც მოვიდა მაგრამ ყოველი დღე ისე იწელება, ისე ნელა გადის დრო ... მეჩვენება რომ დღე საუკუნედ იქცა ....... 
სამშობიაროში წასაღები ნივთები უკვე ჩალაგეული მაქვს მაგრამ ყოველდღე ამოვალაგებ და თავიდან ვალაგებ..:))) გარეგნულადაც ძაან შევიცვალე.. ეხლა ვხვდები რა ყოფილა ორსულობა და 9 თვე ბავშვის მუცლით ტარება.. ისე დავმძიმდი .. ისე დავმრგვალდი.. გავიბერე.. ხელები, ფეხები,სახე... ყველაფერი დამისივდა.. ცუდად მძინავს, სუნთქვაც მიჭირს.. ერთადერთი რაც მსიამოვნებს ჭამა და გარეთ სეირნობაა. არა არ ვწუწუნებ საჭირო რომ ყოფილიყო ბავშვის გამო კიდე ერთი 9 თვე გავუძლებდი ამ ყველაფერს, მაგრამ რომ ვიცი  რო ყოველდღე შეიძლება გაჩნდეს ჩემი პატარა.. ეს მოუთმენლობა მკლავს... ისე მაინტერესებს როგორია თითქმის ყოველ ღამე ვნახულობ სიზმარში. ისიც დარწმუნებით ვიცი რომ ბიჭია  მაგრამ სიზმარში გოგოც მყავს ხოლმე. ვოცნებობ იმ დღეზე როდის ამტკივდება მუცელი, არც მაგ ტკივილზე ფიქრი აღარ მაშინებს იმიტომ რომ ვიცი მაგის შემდეგ ჩემ პატარას დავიჭერ ხელში და ყველაზე ბედნიერი ვიქნები.  
ბოლო... მოლოდინით სავსე კვირები ძაან საშინელი ყოფილა. ძალიან ვნერვიულობ, მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს, მშვიდობით დაიბადოს და ჯანმრთელი იყოს, ინტერნეტში წავიკითხე რომ ეს ჩემი განცდები ბუნებრივია... მოუთმენლად ველი მთავარი წუთის დადგომას. ვუსმენ ჩემი პატარას ყოველ გაფაჩუნებას და გაფაციცებით ვადევნებ თვალს ჩემს ორგანიზმში მომხდარ ყველა ცვლილებას. ინტერნეტში ვკითხულობ ორსულობის ბოლო კვირებზე უამრავ რაღაცას, ჭორს თუ სიმართლეს და მაგ ყველაფერს ჩემ სიტუაციას ვადარებ. წესით ყველაფერი ნორმალურად მაქვს და უკვე მალე უნდა ვიმშობიარო მაგრამ ჩემი ბიჭი ჯერ კიდევ ზის და არ ჩქარობს გამოსვლას.


უკვე 38 კვირის ვართ .. ბოლოს 2 კვირის წინ ვნახე, ეხოზე. ცხვირში თითი ქონდა შტერს.. :))) ისეთი პუტკუნა იყო.. პაწუა აპრეხილი ცხვირი და მსუქანი ლოყები ქონდა. აღარ გავდა იმ დაჭყანულ უცხოპლანეტელს მაგრამ ძვლები ჯერ კიდევ რბილი აქვს. როგორც ამბობენ ბოლო თვეებში მოქრაობას უნდა მოუკლოსო მაგრამ ჩემ ბიჭზე სივიწროვე არ მოქმედებს, მაინც დილაა თუ ღამე აქტიურად განაგრძოს ხელების და ფეხების ქნევას. :)))
დიდი იმედი მაქვს მალე დამთავრდება ეს მოლოდინი და ღმერთის წყალობით ჯანმრთელი და ყველაზე საყვარელი ბიჭი მეყოლება !